27 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
დღეიდან ოპერაციების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა - რას გულისხმობს DRG სისტემა

დღეიდან მოქალაქეს, რომელიც კლინიკაში ოპერაციას იკეთებს, ზედმეტი ხარჯის გადახდა აღარ მოუწევს. ამოქმედდა დაფინანსების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, კონკრეტული ოპერაციის ღირებულება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში გათანაბრდება. საავადმყოფოში მისულ პაციენტს საკუთარი ჯიბიდან დამატებითი თანხის გადახდა აღარ დასჭირდება.

ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება - გეგმურ და გადაუდებელ მომსახურებაზე, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობაზე, მშობიარობაზე, ქიმიოთერაპიასა და ინსულტის შემთხვევებზე.

პირობების დარღვევის შემთხვევაში, კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

"პაციენტს ვთავაზობთ სამართლიანი ანაზღაურების სისტემას, რასაც უმრავლეს შემთხვევაში სრულად ფარავს სახელმწიფო, ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული თანამონაწილეობაა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და აქ მკაცრად არის განსაზღვრული ის თანამონაწილეობის თანხები 0-დან 30%-მდე, რასაც თანაგადახდის სახით ჩვენი მოქალაქეები გადაიხდიან.

სახელმწიფო ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე და იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯანმრთელობის კუთხით რაიმე მხარდაჭერა დასჭირდებათ, ამისთვისაც მზად არის სახელმწიფო," - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის თქმით, დღეიდან მოხდება იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებაც, რომელიც ახალ სისტემაზე გადასვლის გამო დროებით შეჩერებული იყო.

"ბოლო დღეების განმავლობაში გეგმიური დაფინანსებები არ მიმდინარეობდა იქიდან გამომდინარე, რომ DRG სისტემაზე მივდიოდით. მოთხოვნები არის დაგროვილი და დღეს აუცილებლად გაუშვებენ და ახალი ტარიფით დაფინანსდება. რაც შეეხება ძველ სერვისებს, კლინიკამ ავტომატურ რეჟიმში პაციენტის გარეშე უნდა გამოაგზავნოს ჯანდაცვის სამინისტროში მოთხოვნა ცვლილებაზე და ავტომატურად შეეცვლება ისე, რომ პაციენტს არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება," - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

დღის ამბები