საოკუპაციო ძალამ კიევის ოლქზე იერიში განაახლა. ერთ-ერთ დასახლებას თავს დრონებით დაესხნენ. ინფორმაცის განადგურებული ობიექტის შესახებ ოფიციალური კიევი არ ასაჯაროებს. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თავდასხმა იყო ზაპოროჟიეზეც. ოლქის რამდენიმე დასახლებას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტიეს. განადგურებულია ამბულატორიის შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები. ბრძოლებია დონეცკშიც, რუსულია არმია ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვას ვერ ეგუება, რასაც უმისამართო ცეცხლით პასუხობს.
თავად საოკუპაციო რეჟიმი წარუმატებლობას კატეგორიულად უარყოფს. "ვალდაის" სადისკუსიო კლუბის შეხვედრაზე ოკუპანტი ქვეყნის მეთაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ბირთვულ საშიშროებაზე, რომელიც კიევის მხრიდან მომდინარეოობს. პუტინი მეოთხე დღეა იმეორებს, რომ უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება.
მძიმე შეტაკებები იყო ლუჰანსკის იმ ზონებში, რომელსაც უკრაინელი სამხედროები აკონტროლებენ. გენშტაბის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში აქ საოკუპაციო ძალის 7 შეტევა მოიგერიეს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს მტრის კუთვნილი Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, Х-59 ტიპის რაკეტა და 17 დრონი.
დანაკარგი აქვთ ოკუპანტებს ტერიტორიის კუთხითაც. ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 3 დასახლება დაიბრუნეს. მაგრამ ამის მიუხედავად მოსახლეობას დაბრუნებას ჯერჯერობით არ ურჩევენ. ტერიტორია დანაღმულია. განაღმვით სამუშაოს დღეს რაიონული პოლიციის უფროსი ემსხვერპლა.
მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს უკრაინას. განახლებული მონაცემები ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტებმა 331 სასწავლო დაწესებულება სრულად გაანადგურეს, დაზიანდა 2677 შენობა. დანაკარგი, რომელიც აუნაზღაურებელია, ბავშვების სიცოცხლეა. ოკუპანტის აგრესიის შედეგად დაიღუპა 430 არასრულწლოვანი - დაშავდა 1252.