27 ნოემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ისანსა და დიდ დიღომში 3 ობიექტი 30 ათასი ლარით დაჯარიმდა და სამუშაოები შეუჩერდა - თბილისის მერი

3 ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოვლინდა. მათგან 2 ისნის რაიონშია, მესამე კი დიდი დიღომში. სამივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და სამივე ობიექტი დაჯარიმებულია 30 ათასი ლარით. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიამ მოუწოდა მუნიციპალურ ინსპექციას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და განხორციელდეს სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის ყოველდღიური მონიტორინგი. მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებსაც.

კახა კალაძემ ვანდალიზმის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ბაღებსა და სკვერებში ხდება განათების ბოძების დაზიანება, რომლებსაც ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ. დედაქალაქის მერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის სამსახურები შესაბამის რეაგირებას ახდენენ და ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, ვანდალიზმი კვლავ დიდ პრობლემად რჩება. მერმა ვანდალიზმის ჩამდენ პირებსაც მიმართა:

"რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. ამით თქვენ საფრთხეს უქმნით ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს, ნუ აუვლით გულგრილად მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი შემთხვევა, შეგიძლიათ დაგვირეკოთ მერიის ცხელ ხაზზე ან რაიონის გამგეობებს," - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები