28 მომხრე არცერთი წინააღმდეგი - ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
საბჭოს 30 წევრიდან ჯაბა სამუშიას კანდიდატურას მხარი 28-მ დაუჭირა. ორი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების კენჭისყრა დასრულებულია. აკადემიური საბჭოს 33 წევრი არის სიითი შემადგენლობით, მათმა უმრავლესობამ, 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. 30 ბიულეტენი დაფიქსირდა, როდესაც დაითვალა კომისიამ, აქედან 28-მ ხმა მისცა პროფესორ ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი იქნა ცნობილი ბათილად. შესაბამისად, ბატონი ჯაბა არის არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებლად," - აცხადებს თსუ-ს პროფესორი კახაბერ ლორია.
გადაწყვეტილებას ხმაური და შეძახილები მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და სამუშიას კანდიდატურას არ ცნობენ. სტუდენტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.
"არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას. ეს არ არის არჩევნები. ერთკანდიდატიანი არჩევნები ჩაატარეს. როგორ შეიძლება, საერთოდ, სხვას არავის ნდომებოდა აქ მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ამ ფარსში - წინასწარ განსაზღვრულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არავინ ისურვა. ჩვენ ვაპირებთ აქციების პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელებას. არავის, მათ შორის არც ჯაბა სამუშიას არ მიეცემა აქ მშვიდად მოღვაწეობის საშუალება," - განაცხადა სტუდენტმა ნონა ჩხიკვიშვილმა.