27 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
პარლამენტმა გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

126-ხმით, ერთხმად პარლამენტმა პირველი მოსმენით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი მიიღო, რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს - მის 90-ხმიანი კვორუმით არჩევას ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების",  "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", პარტია "საქართველოსთვის", "გირჩისა" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა. კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდნენ პარტია "მოქალაქეების" წევრები.

საკონსტიტუციო ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

აღსანიშნავია, რომ მმართველი გუნდი მის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ინიციატივას აკრიტიკებს და როგორც აცხადებს, ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შემოთავაზებულია მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია.

მათივე განცხადებით, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე ცვლილება.

ცნობისთვის, პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. თუ აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. ამ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.

 

დღის ამბები