პოლიციაში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოკითხვაზე იმყოფებიან როგორც მერიის თანამშრომლები, ასევე "გრინსერვისი პლიუსის" წარმომადგენლები, მათ შორის კომპანიის მფლობელები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით. შენობაში იმყოფება ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატიც.
ადვოკატმა მოსვლისას ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. მან თქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობაზე და ზოგადად საქმის მასალებზე კომენტარის გაკეთება არ სურს. შეგახსენებთ, რომ ტარიელ კიკნაძე არის "გრინსერვის პლიუსის" ერთ-ერთი მეწილე და ის სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
რაც შეეხება სხვა საგამოძიებო მოქმედებებს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ დრომდე იმყოფებიან მერიის თანამშრომლები და "გრინსერვის პლიუსის" წარმომადგენლები. უკვე 13 საათზე მეტია იკითხება ლაშა ფურცხვანიძე და ასევე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელიც.