"რუსეთი არ მიიღებს უკრაინის ახალ ტერიტორიებს, არამედ გაიგივდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან" და საკუთარი თავის ანექსირებას მოახდენს" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოსახლეობას ხელისუფლების წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
"მსოფლიოში ყველას კარგად ესმის, რას ნიშნავს რეალურად რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის მცდელობა. ეს არ იქნება ის, რისი იმედიც რუსეთს აქვს. რუსეთი არ მიიღებს უკრაინის ახალ ტერიტორიას, არამედ საკუთარი თავის ანექსირებას მოახდენს და შეუერთდება იმ კატასტროფას, რომელიც მან ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოიტანა. რუსეთი საკუთარ თავს გააიგივებს ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებთან და ამით საბოლოოდ გაანადგურებს ნორმალური სახელმწიფოებრიობის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ რუსეთში.
ისინი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიას საფლავებით ავსებენ, თავად რუსეთის ტერიტორიაზეც კი სულ უფრო მეტი საფლავია. რუსეთში კანონი გაუქმებულია. მიტაცებულ ტერიტორიაზე ოკუპანტი ყველგან ანადგურებს სიცოცხლის ყოველგვარ საფუძველს - ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, კულტურას. ამის შესაჩერებლად, თქვენ, რუსმა ხალხმა უნდა შეაჩეროთ ის, ვისაც სიცოცხლეზე მეტად ომი უნდა. სანამ რუსეთი მოვიდოდა, უკრაინის მთლიან მიწაზე ნორმალური ცხოვრება იყო და როცა როცა ჩვენ მათ განვდევნით, ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ეს გამარჯვების ერთადერთი გზაა," - განაცხადა ზელენსკიმ.