ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა "ჩრდილოეთ ნაკადის" მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს, რუსული საზღვაო ძალების გემები დააფიქსირეს, - ინფორმაციას CNN დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევა ორშაბათს და სამშაბათს დაფიქსირდა.
ტელეკომპანიის განმარტებით, უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშა აფეთქებებთან, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.
დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც დააფიქსირეს. დანიელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რუსული გემები რეგულარულად მოქმედებენ რეგიონში და მან ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.
ამერიკელ ოფიციალურ პირებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, "ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში გაზის გაჟონვა მოხდა. კრემლმა საჯაროდ უარყო აფეთქებასთან კავშირი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.