დასაქმებულს, რომელსაც სამსახური კონკრეტული დავალებით სხვა რეგიონში გაუშვებს, სამივლინებო ხარჯს გაუორმაგებს. ქვეყნის შიგნით სადღეღამისო თანხა 15-დან 30 ლარამდე იზრდება, გადაწყვეტილება ეხება მივლინებებს საზღვარგარეთაც. განახლებული მონაცემებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილება მთავრობის დადგენილებაში შევა.
ფინანსთა მინისტრმა სხვა ქვეყნების პრაქტიკაზეც ისაუბრა. ლაშა ხუციშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში გათვალისწინებული იყო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში არსებული კოეფიციენტები.
მმართველ გუნდში გადაწყვეტილების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ აქამდე გაწერილი ხარჯი ვერ პასუხობდა დასაქმებულის ყოველდღიურ საჭიროებებს, დადგენილებაში ცვლილებებს აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც.
ექსპერტების შეფასებით, ცვლილებები დროული და საჭიროა, რადგან მათივე განმარტებით, ეს იყო ბევრი წლის პრობლემა. ამბობენ, რომ დღის წესრიგში იდგა დადგენილების გარკვეული სახით ფორმირება.
ბრძანება, რომლის მიხედვითაც სამივლინებო ხარჯები იზრდება, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც შევა ძალაში.