რუსეთში კი კვლავ საპროტესტო აქციებია. მოსახლეობის ნაწილი პუტინის მიერ გამოცხადებულ სამხედრო მობილიზაციას ამ ფორმით ეწინააღმდეგება. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა დაღესტანში. "არა ომს და მობილიზაციას" - ამ ლოზუნგებით დედაქალაქის ქუჩებში ასეულობით ადგილობრივი გამოვიდა. მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს სოფელ ენდირეიში. პროტესტი უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებს, ხელკეტებსა და წიწაკის სპრეის იყენებენ. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.
საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკშიც. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ფედერაციის რამდენიმე ოლქში ადგილობრივებმა სამხედრო გაწვევის ოფისებს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. არსებული ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 2 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული. პროტესტის პარალელურად კი, რუსეთის ათასობით მოქალაქე მოსალოდნელი ვალდებულების თავიდან აცილებას ქვეყნის დატოვებით ცდილობს - რის გამოც საზღვრებზე გრძელი რიგებია.