27 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
მე არ მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას - რატი ბრეგაძე

მოსამართლე ლევან მურუსიძე, უახლოეს დღეებში, პროკურატურას მიმართავს, ის სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს.

მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და სუს-ის მოპოვებული კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ.

მურუსიძის განცხადებებს შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციონერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან მურუსიძეს ამის სრული უფლება აქვს.  

პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ლევან მურუსიძეს სამარცხვინო ადამიანს და ყველა ადამიანის ხელის მოსამართლეს უწოდებს.

"მურუსიძე არის სამარცხვინო ადამიანი, რომელიც არის ხელის მოსამართლე ყველა მთავრობის ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ სერიოზულად მიჭირს, რომ რაიმე ვთქვა მის განცხადებაზე. მემგონი უკეთესი იქნება, რომ ყველას უჩივლოს, ყველა ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირს, ვინც მასზე ზეგავლენის მოხდენას ფიქრობდა, ყველას უჩივლოს, ძალიან საინტერესო სანახაობა იქნება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სასამართლო ხელისუფლებაზე ნებისმიერი ზეწოლა და საქმიანობაში ხელშეშლა დანაშაულია.

"ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებისთვის და  საქმიანობის ხელშეშლა არის რა თქმა უნდა დანაშაული და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუ მსგავსი ფაქტი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს და, რა თქმა უნდა, მოსამართლეს, შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იპოვიან სიმართლეს. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას. ვფიქრობ, ეს არის დაუშვებელი," - ამბობს რატი ბრეგაძე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ნებისმიერი დისკრედიტაცია და ისეთი ინსტიტუტების პოლიტიზირების მცდელობა როგორიც არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასამართლო, მიუღებელი და დამაზიანებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

"პოლიტიკა არის პარლამენტში. არსებობს პარტიული პოლიტიკა და არსებობს არჩევნები, სადაც პოლიტიკური პროცესები და პოლიტიკური პარტიების საქმიანობა ფასდება. ჩვენი შეფასება ასეთი იქნება ამ საქმეზე, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილისწამებას აქვს ადგილი, იყო შანტაჟი ან რაიმე კანონის დარღვევა, აქვს უფლება, რომ საკუთარი უფლებები აღიდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის თქმით კი, რამდენად არის ლევან მურუსიძის განცხადება სანდო, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

"გოგაშვილის ქცევა პირდაპირ არის დაკავშირებული გარკვეულ შანტაჟთან საზოგადოების, პოლიტიკოსები, სახელმწიფო ინსტიტუტების შანტაჟთან, ეს ძალიან ღიად იკითხება მის მთელ ამ ქმედებაში," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები