27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
პრემიერი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა - რა საკითხები განიხილეს მხარეებმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქაერთველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი.

აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში.

აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში.

მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს

შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

დღის ამბები