27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები - გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, 2021 წელი სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული პროცესებითა და მკვეთრად გაზრდილი საფრთხეებით იყო დატვირთული. 2021 წლის ბოლოს უკრაინასთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ არსებითად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და დამატებითი გამოწვევები შექმნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე, მომატებული საფრთხეების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტ რეჟიმში ახდენდა ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერატიული ვითარების კონტროლს. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების დაინტერესების სფეროები და მისწრაფებები, მათი საქმიანობის მეთოდები და ფორმები, საფრთხეების განეიტრალებისა და პრევენციის მიზნით გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

პარლამენტის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას გრიგოლ ლილუაშვილმა "ჰიბრიდულ საფრთხებზე" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ცალკეული ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიები, რომლის მთავარი სამიზნე კვლავ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხი იყო.

"საანგარიშო წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ხორციელდებოდა ე.წ. საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, ხდებოდა აღნიშნულ კამპანიებში ჩართული პირებისა და ორგანიზაციების, ასევე, მათი დაფინანსების წყაროებს გამოვლენა. შესაბამისი დანაყოფების მიერ დგინდებოდა ცალკეულ აქტორებს შორის ურთიერთკავშირები და მათ მიერ საქმიანობაში გამოყენებული მეთოდები. მიმდინარეობდა მოსალოდნელი რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. 2021 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და, ზოგადად, უსაფრთხოების სისტემაში შემავალი უწყებების მიმართ წარმართული დეზინფორმაციული კამპანიები. პოლიტიკურად დაინტერესებული და ანგაჟირებული პირები სამსახურის მისამართით ავრცელებდნენ აბსურდულ, დამაზიანებელ ბრალდებებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების სექტორის წინააღმდეგ მიმართული მსგავს დეზინფორმაციაზე დაფუძნებული კამპანიები ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც ნოყიერ ნიადაგს უმზადებს მტრულად განწყობილ ძალებს თავისუფალი მოქმედებებისათვის," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

დღის ამბები