ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისგან სამრეწველო ლითონების შეძენა გაზარდეს - ამის შესახებ ვაჭრობის შესახებ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი 70%-ით გაიზარდა და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.
დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო. უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას დიდი ხანია ითხოვს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფერადი ლითონების იმპორტის გაზრდის შესახებ Reuters-ის შეკითხვის პასუხად სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. სააგენტომ კომენტარი ევროკომისიისგან ვერ მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მხრივ დასავლეთი სირთულეებს განიცდის, რადგან მან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ნავთობის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავალი სანქციების შედეგების კომპენსირებაში ეხმარება.