ახლადარჩეული ბრიტანეთის პრემიერი დღეს შოტლანდიაში გაემგზავრება, სადაც ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან აუდიენციას გამართავს. შეხვედრაზე დედოფალი ლიზ ტრასს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს. ლიზ ტრასი მარგარეტ ტეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ ბრიტანეთის ისტორიაში მესამე ქალი პრემიერი გახდა.
დაუნინგ სტრითზე კი ბრიტანელებს უკვე ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა მიმართა. ის ლიზ ტრასსა და მის გუნდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"მე დავესწრები ლიზ ტრასის პრემიერად ოფიციალურად დანიშვნას. მალე ახალი პრემიერი სათავეში ჩაუდგება ფანტასტიურ გუნდს. ესაა ხალხი, ვინც ბრექსითის რეალიზება შეძლო, მათ შეძლეს მოსახლეობის ვაქცინით მომარაგება უსწრაფესად. ბრიტანელების 70% აიცრა პირველი დოზით 6 თვით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასეთი იყო მთავრობა თქვენთვის. ასეთია კონსერვატიული პარტია.
ჩვენ გავუწიეთ ორგანიზება და მივეცით უკრაინის გმირ შეიარაღებულ ძალებს იარაღი. ეს ქმედება დაეხმარა უდიდეს ევროპულ ომს კურსის ცვლილებაში.
ლიზ ტრასი და კონსერვატიული მთავრობა ყველა კრიზისის დაძლევას შეძლებს. ეს ქვეყანა გაუძლებს და გაიმარჯვებს. თუ პუტინს ჰგონია, რომ დააშანტაჟებს და დაჩაგრავს ბრიტანელებს, მინდა ვუთხრა, რომ ის მწარედ ცდება. გზა მივცეთ კეთილდღეობას მომავალი თაობისთვის.
ყველა გზით მხარს დავუჭერთ ლიზ ტრასსა და მის მთავრობას," - განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა.