27 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"ევრობასკეტის" დაწყებამდე ერთი დღე რჩება - რა ტაქტიკით დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები ბელგიას

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, "A ჯგუფში" მონაწილე ყველა ნაკრებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაახლოებით 2 საათიანი ვარჯიშის განმავლობაში ძირითადი აქცენტი დაცვას და ტაქტიკურ მონახაზს დაუთმო, რომლის დასრულებისთანავე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კაპიტანთან ერთად პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ გამართავს, ქართველი კალათბურთელები მომავალი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში არიან და ამბობენ, რომ ბელგიასთან დაპირისპირებას როგორც ფინალს, ისე განიხილავენ. ჩვენი გუნდი კონტინენტის პირველობაზე ახალი ეკიპირებით და ახალი ლოგოთი იქნება წარმოდგენილი, ბელგიას ქართველი კალათბურთელები ნაიკის მიერ შექმნილი შავი ფორმით დაუპირისპირდებიან.

მომავალი შეხვედრისთვის განსაკუთრებით ემზადება ბელგიაც - გუნდი, რომელიც ტრადიციულად საქართველოს ნაკრებისთვის უხერხული მეტოქეა. მთავარი მწვრთნელის დარიო ჯერჯიას განცხადებით მნიშვნელოვანი იქნება ფარქვეშ უპირატესობის მოპოვება.

საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისი არენაზე 21 საათზე დაიწყება, მანამდე კი ერთმანეთს მონტენეგრო და თურქეთი დაუპირისპირდებიან. "A ჯგუფის" პირველ ტურს კი მსოფლიო ჩემპიონები - ესპანელები გახსნიან, ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ბულგარეთის ეროვნული ნაკრების დამარცხებას შეეცდება.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს თბილისის გარდა, მილანი , პრაღა და კიოლნი უმასპინძლებს, ფინალური ეტაპი კი სრულად ბერლინში ჩატარდება.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი 

დღის ამბები