ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში უწყვეტი სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან წარმოიქმნა. სამუშაოებს ძლიერი ქარი და რთული, კლდოვანი რელიეფი ართულებდა.
ბორჯომში, ზორეთის ტერიტორიაზე ტყის მასივში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა და მეხანძრე-მაშვლებმა კერის ლიკვიდირება მოახერხეს, თუმცა ძლიერმა ქარმა ცეცხლის ძველი კერები გააღვივა და შედეგად, ახალი კერებიც წარმოიქმნა.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.
ავტორი: სანდრო სანაია.