27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
პროტესტი წალენჯიხაში - პედაგოგები ოპოზიციონერ მერს, გიორგი ხარჩილავას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გადაწყვეტილებას არ ცვლის, საბავშვო ბაღის თანამშრომლები კი პროტესტს არ წყვეტენ. პედაგოგები გიორგი ხარჩილავას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ და იმუქრებიან, რომ ახალი სასწავლო წლიდან ბაღებს არ გახსნიან. ამის მიუხედავად, წალენჯიხის მერი ბაღებში ოპტიმიზაციას მაინც მართებულად თვლის და განმარტავს, რომ თანამშრომლების განთავისუფლება არა პარტიული მიზნით, არამედ თანხების დაზოგვის გამო ხდება.

გიორგი ხარჩილავამ განმარტებები დღეს დილით, სამსახურში გააკეთა, თუმცა მოგვიანებით, წალენჯიხის მერიაში მისულ ბაღის პედაგოგებს მერი ადგილზე აღარ დახვდათ. ლოდინის შემდეგ, მათი მოთხოვნები ვიცე მერმა მოისმინა,თუმცა ხმაურიანი შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრას ”პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის” წარმომადგენელიც ესწრებოდა. ასოციაცია პროცესში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მერის გადაწყვეტილებაში კანონსაწინააღმდეგო ქმედებები დაინახა. თამარ კაკაჩიას განმარტებით, გიორგი ხარჩილავას გადაწყვეტილება ბავშვთა და პედაგოგთა ინტერესებს აზიანებს. პროფკავშირი წალენჯიხის მერს რეორგანიზაციის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

მაშინ, როცა წალენჯიხაში მერი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურიდან თანხების დაზოგვის მიზეზით ათავისუფლებს, ”თაიმერი” ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ,ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვაში ადანაშაულებს. გამოცემის ინფორმაციით, ლანა შენგელიამ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციის სტუმრებს რესტორანში ბიუჯეტის ხარჯებით უმასპინძლა. ეს თანხა კი, წინასწარ გაწერილი არ ყოფილა. ფაქტს ადასტურებს შენგელიაც.

წალენჯიხაში მიმდინარე პროცესები დღეს თბილისშიც შეაფასეს. "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი ხარჩილავას გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს. "ქართული ოცნება" კი მერს რჩევას აძლევს.

წალენჯიხის ოპოზიონერი მერის გეგმის მიხედვით, სამსახურის გარეშე საბავშვო ბაღის 35 თანამშრომელი რჩება. თუმცა პედაგოგები პროტესტის გაგრძელებას იქამდე აანონსებენ, სანამ გიორგი ხარჩილავა გადაწყვეტილებას არ შეცვლის.

ავტორი: იზი ბურნაძე. 

დღის ამბები