არგენტინის უსაფრთხოების სამსახური ცნობილი ტენორით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კრიმინალურ სინდიკატთან მისი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოიპოვა. საუბარია ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე, სადაც პლასიდო დომინგოს სახელი სექს-ტრეფიკინგთან კავშირში ფიგურირებს. მასშტაბური ქსელი არგენტინის ტერიტორიაზე 30 წლის წინ დაფუძნდა და იოგას ცენტრის საფარქვეშ მუშაობდა. სექტის მსგავსი ორგანიზაცია არგენტინასა და შეერთებულ შტატებში უკვე გამოცხადდა კრიმინალურ დაჯგუფებად. ბუენოს აირესში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სექს-ტრეფიკინგისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულია ორგანიზაციის 19 წევრი და დაჯგუფების ლიდერი 84 წლის ხუან პერკოვიჩი, რომელიც საკუთარ თავს "ოსტატს" უწოდებს. სწორედ ხუან პერკოვიჩთან სატელეფონო საუბრებით გავიდა გამოძიება, პლასიდო დომინგოს და სამუსიკო სამყაროს სხვა ცნობილი წარმომადგენლების კვალზე, მათ შორისაა 75 წლის კომპოზიტორი სუზანა მენდელევიჩი.
თავად მსოფლიო ტენორი და მისი წარმომადგენლები გახმაურებულ სკანდალზე კომენტარს არ აკეთებენ. გამოძიების მასალებით კი ცნობილი ხდება, რომ პლასიდო დომინგო უშუალოდ არ მონაწილეობდა კრიმინალური სექტის საქმიანობაში, თუმცა არსებობს მტკიცებულებები, რომ ის ხშირად სარგებლობდა აღნიშნული დაჯგუფების მომსახურეობით.
პაოლო სალუმი 14 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად, კრიმინალურ სექტაში აღმოჩნდა ჩართული. მან სექს-ტრეფიკინგს თავი წლების შემდეგ დააღწია და ახლა სკანდალური გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
ბუენოს აირესში ბოლო დღეებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ფედერალურმა პოლიციამ ამოიღო 1 მილიონ 130 ათასი დოლარი, მილიონობით პესო, რამდენიმე კილოგრამი ოქრო, ძვირფასეულობა, ფსიქოტროპული მედიკამენტები და ე.წ. პაციენტების 300-ზე მეტი სამედიცინო ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება. პრესა არ გამორიცხავს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში პლასიდო დომინგოს ბრალი ოფიციალურად წარუდგინონ.
პლასიდო დომინგო წლების განმავლობაში კლასიკურ საოპერო სფეროში უდიდესი აღიარება მოიპოვა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია, ცნობილი ტენორი წლების წინ საქართველოსაც სტუმრობდა, მან კონცერტი მაშინ ბათუმში გამართა.