27 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მთავარი მიზანია სახალხო დამცველის ლეგიტიმური და სამართლიანი კრიტერიუმების მიხედვით არჩევა, რასაც ჩვენი გეგმა სრულად აზღვევს და უზრუნველყოფს - მიხეილ სარჯველაძე

"მთავარი მიზანია, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ინკლუზიურად, რასაც ეს გეგმა სრულად უზრუნველყოფს და რომ პროცესი იყოს აუცილებლად შედეგიანი, ანუ, რეალურად მოხერხდეს სახალხო დამცველის არჩევა, რათა სახალხო დამცველის თანამდებობა ვაკანტური დიდი ხნით არ დარჩეს,"- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის შემოთავაზებული რეგულირება თავსებადია სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ეს პრინციპები გულისხმობს, მათ შორის, კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრას - ეს რეკომენდაცია სრულად იქნება შესრულებული ნახსენები დოკუმენტების მიხედვით. სახალხო დამცველის თანამდებობა არ უნდა რჩებოდეს ვაკანტურად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნით, მაქსიმალურად ისე არის დაგეგმილი პროცედურები, რომ შესაძლებელი გახდეს დადგენილ ვადებში გადაწყვეტილების მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია 90 დეპუტატის მხარდაჭერა, ეს არ არის იოლი ამოცანა, მაგრამ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად ეს, იმედი გვაქვს, შესაძლებელი იქნება. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში საკმაოდ დიდია ოპოზიციის მხრიდან ე.წ. "პოლიტიკური საბოტაჟის" "წარმატებულად" განხორციელების რესურსი, რის დაზღვევის მექანიზმზეც ნაფიქრია და ამაზეც ვისაუბრებთ," - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პრინციპია პროცედურის გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა და სწორედ ამიტომ, კანდიდატების დასახელების, მათი შეფასების და შემდგომ, საკომიტეტო განხილვებში ჩართული იქნება სამოქალაქო სექტორი. ინკლუზიურობის პრინციპზე საუბრისას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს პრინციპი მოიცავს იმ სტანდარტსაც, რომ უზრუნველყოფილი იქნეს არჩევის შესაძლებლობის მინიჭება ყველასთვის, ვისაც მიაჩნია, რომ სახალხო დამცველად მუშაობის უნარი შესწევს.

"ამ პრინციპების და საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვაპირებთ საზოგადოებას და ოპოზიციას შევთავაზოთ სახალხო დამცველის არჩევის შემდეგი წესი: პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლითაც წელს სახალხო დამცველის არჩევის პროცედურები დადგინდება არსებული წესებისგან განსხვავებულად, რათა ის, რაც პრაქტიკით უნდა დარეგულირდეს, განისაზღვროს სამართლებრივი აქტების მეშვეობით. ვგეგმავთ, რომ ეს რეგლამენტის ცვლილება განხილული იქნეს დაჩქარებული წესით, მომდევნო კვირის მიმდინარეობისას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე საგანგებოდ გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც აღნიშნული პროცედურები დარეგულირდება. მისივე ინფორმაციით, 2022 წლის 20 სექტემბერს გამოცხადდება ინფორმაცია პარლამენტის მიერ განაცხადების მიღების თაობაზე. გარდა ამისა, განაცხადების მიღების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების პროცედურები დასრულდება არაუგვიანეს 13 ოქტომბრისა. შეფასებები და მასალები შემდეგ ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებსა და უფრაქციო დეპუტატებს წარედგინებათ, რომლებმაც, არაუგვიანეს 2022 წლის 21 ოქტომბრისა, კანდიდატები უნდა შეარჩიონ და დაასახელონ.

"იმისთვის, რომ არსებობდეს არჩევანის მრავალფეროვნება, დადგინდება კანდიდატურების მინიმალური რაოდენობა. შესაძლებელი იქნება რამდენიმე სუბიექტის მიერ საერთო კანდიდატების წარდგენაც. ამის შემდეგ, პროცესი გადაინაცვლებს კომიტეტში, სადაც მოხდება წარდგენილი კანდიდატების მოსმენა კომიტეტის სხდომებზე და ეს მოხდება საჯაროდ. სხდომებზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება და სრული შესაძლებლობა ექნება სამოქალაქო საზოგადოებას. კომიტეტის მიერ კანდიდატურების განხილვის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და მიღებულ იქნება გადაწყვეტილება,"- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მიხეილ სარჯველაძის თქმით მთავარი მიზანია, რომ პროცესი იყოს შედეგიანი.

"ჩვენი მიზანია პროცესი იყოს აუცილებლად შედეგიანი, ანუ, რეალურად მოხერხდეს სახალხო დამცველის არჩევა, რათა დიდ ხანს არ დარჩეს სახალხო დამცველის თანამდებობა ვაკანტური. ამ მიზნის მიღწევასაც ეს გეგმა სრულად უზრუნველყოფს."- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები