27 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას - მამუკა მდინარაძე

ომბუდსმენის არჩევის წესზე "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ხედვა წარადგინა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მთლიანად ოპოზიცურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს მიანდობს გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას

"საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველი კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი კანდიდატის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც ერთის მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

ეს საკითხი შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და შეგვიძლია წინასწარ გითხრათ შეფასების წესი. პირველი - ზოგადად ნებისმიერ პირს შეეძლება შეიტანოს განაცხადი სახალხო დამცველი კანდიდატობაზე. მეორე - სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის პროფესიული და აკადემიური წრის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრივ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველის მინიმუმ 7 კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება. საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიცურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს, გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციის მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა აპირებდა დაერეგისტრირებინა ცვლილება სახალხო დამცველის არჩევის კენჭისყრის ღიაობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს უკვე დაარეგისტრირა "მოქალაქეების" წევრმა ლევან იოსელიანმა და მდინარაძის განცხადებით, ქართული ოცნება აპირებს რომ ამ ცვლილებას მხარი დაუჭიროს.

დღის ამბები