წალენჯიხის მერის ინიციატივა დაპირისპირების მიზეზი ხდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ოპოზიციონერმა ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღებში კადრების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო და მიზეზად აღსაზრდელთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირე დაასახელა. დაწესებულებებში დასაქმებულები, ინიციატივის მიღმა, პოლიტიკურ მოტივს ხედავენ.
დასაქმებულთა ეჭვს ამყარებს ის წერილიც, რომელიც ბაღების დირექტორებმა არასამუშაო საათებში მიიღეს. დოკუმენტის მიხედვით, ხელმძღვანელებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების, სამუშაო გამოცდილებისა და შეფასების კრიტერიუმების წარდგენას შემჭიდროებულ ვადებში სთხოვდნენ.
გიორგი ხარჩილავას გადაწყვეტილება ბაღის თანამშრომლებმა აქციით უკვე გააპროტესტეს. მოგვიანებით მათ მერიც შეხვდა, თუმცა პედაგოგებს გეგმები არც ხმაურიანი შეკრების შემდეგ შეუცვლიათ. მეტიც, მდგომარეობა უფრო გართულდა და ახლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - დაიწყებს თუ არა ახალი სასწავლო წლიდან წალენჯიხაში საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას.
გეგმის შეცვლას არც წალენჯიხის მერი აპირებს. გიორგი ხარჩილავას განცხადებით, პროცესი გარდაუვალია, თუმცა სამსახურის გარეშე დარჩენილებს ოპოზიციონერი მერი გადამზადებას და ე. წ. რეზერვში ჩარიცხვას ჰპირდება.
წალენჯიხის მერს გადაწყვეტილება დღეს თბილისიდანაც დაუწუნეს. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ხარჩილავამ ადამიანები დაკავებული თანამდებობიდან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა და არ იხელმძღვანელა არც ერთი სხვა კრიტერიუმით. მამუკა მდინარაძის თქმით, წალენჯიხა არის მოდელი, როგორ მოიქცევიან ან იქცეოდნენ წარსულში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 საბავშვო ბაღში, 491 აღსაზრდელია. მათ 368 თანამშრომელი ემსახურება. მერის გეგმის მიხედვით, ეს რაოდენობა 333-მდე უნდა შემცირდეს.
ავტორი: იზი ბურნაძე