27 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ ძმებმა კაკულიებმა გამოძიებას ჩვენება მისცეს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს პროკურორი. კვარაცხელიას მკვლელობის საქმის ირგვლივ ციხეში გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე დაკავებული ძმებიც. კაკულიებს ჩვენების მიცემაზე უარი არ უთქვამთ. საქმის პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, "კურიერს" დეტალებს არ უყვება.

კვარაცხელიას საქმის ძიების დროს გაირკვა, რომ ძმებმა კაკულიებმა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. როდის, უცნობია, თუმცა შესაძლოა ისინი გასული წლის 15 სექტემბერსაც თბილისში იყვნენ. სწორედ ამ დღეს მოკლეს აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ 22 წლის ნიკო კვარაცხელია. შემზარავი დანაშაულის დღესვე გაჩნდა ერთ-ერთი ვერსია, რომ დამკვეთები კრიმინალურ სამყაროში ცნობილი ძმები, დათა და გუგა კაკულიები იყვნენ. ადვოკატის ინფორმაციით, ძმებმა კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი გამოკითხვის დროს, კატეგორიულად უარყვეს.

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან კაკულიების კავშირზე არაერთხელ ისაუბრა მოკლულის ოჯახმა, რომელსაც დანაშაულის მოტივზე რამდენიმე ვერსია აქვს. 

ძმები ბრალდებულის სკამზე 3 თვის წინ, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტის გამო აღმოჩნდნენ. მათ სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. ბრალს არ აღიარებენ და სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ. მოწმედ კი, ორთაჭალაში მდებარე იმ ბინის მეპატრონეს ასახელებენ, სადაც მათი დაკავება მოხდა. "კურიერმა" დაკავების შემდეგ, საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდებიან არაყიშვილის ქუჩაზე, ქურთიაშვილის დაჭრიდან რამდენიმე წუთში ძმები მზიურის ტერიტორიაზე. ამ და სხვა მტკიცებულებების მიუხედავად, ადვოკატები მათ გამართლებას ელოდებიან. საპირისპირო მოლოდინი აქვს საქმის პროკურორს.

წარედგინებათ თუ არა ახალი ბრალდება ძმებ კაკულიებს, ნიკო კვარაცხრელიას მკვლელობის საქმეზეც, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. 

დღის ამბები