27 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
სახალხო დამცველის შერჩევის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დასრულდა - რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას

პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა სახალხო დამცველის შერჩევის წესზე გამართა. კანდიდატურებზე არ უმსჯელიათ, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს არჩევის პროცედურა უფრო ინკლუზიური. ოპოზიციის ნაწილი ითხოვს, რომ არასამთავრობო სექტორის როლი გაიზარდოს. უმრავლესობა ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება და საკუთარ პოზიციას ამის შემდეგ გაახმოვანებს.

პარტია "გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მათი პოზიცია არის, რომ საკითხზე რაც შეიძლება მაღალი ხარისხის კონსენსუსი იქნეს მიღწეული. რაქვიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია თანხმობა იქნეს მიღწეული არა მარტო ტექნიკურ საკითხებზე, არამედ სახალხო დამცველის ინხტიტუციის შინაარსზეც. მისი თქმით, ეს ინსტიტუცია ამ ეტაპზე ახდენს გარკვეულ სისტემებში ხარვეზების კონპენსირებას:

"უნდა ვიმსჯელოთ, როგორი უნდა იყოს სახალხო დამცველი. ეს ინსტიტუცია საერთოდ ზედმეტია, თუ სასამართლო და პროკურატურა კარგად მუშაობს,"- აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პარტია "საქართველოსათვის" წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ სახალხო დამცველის შერჩევა უკიდურესად გამჭვირვალე პირობებში უნდა მოხდეს და პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს. ხოჯევანიშვილმა ხაზი გაუსვა პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკური ძალა რაიმე ფორმალურ პროცესებში მონაწილეობას არ აპირებს.

პარტია "მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის თქმით, აღნიშნული პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უზრუნველყოს მესამე სექტორის, ასევე პოლიტიკური პარტიების ჩართულობა. როგორც იოსელიანი აცხადებს, არასამთავრობო სექტორს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენა არ შეუძლია, არსებობს შესაძლებლობა, რომ არასამთავრობოების მიერ შერჩეული კანდიდატის მხარდაჭერა გაიზიაროს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ და წარადგინოს შესაბამისად პარლამენტში.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის ისეთი კანდიდატურა უნდა შეირჩეს, რომელიც ყველა მხრისთვის მისაღები იქნება. მოქმედ სახალხო დამცველს კი ინჯია მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.

დღის ამბები