საქართველოს მოქალაქე ათენის უშიშროებამ ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით დააკავა. 40 წლის ქალი წლების განმავლობაში ოჯახებში დამხმარედ მუშაობდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ის დამსაქმებელთა სახლების გასაღებს იპარავდა, აკეთებდა ასლებს და გაძარცვის მიზნით თანამზრახველებს გადასცემდა.
ქართველი ქალის დაკავების ფაქტი უკვე მოექცა ბერძნული მედიის ყურადღების ცენტრში. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას ამოიღეს ნაძარცვი ძვირფასეულობა, ანტიკვარული ნივთები, მოოქროვილი ხატები, ხმლები, ცეცხლსასროლი იარაღები, 173 ვაზნა, 43 სხვადასხვა სახლის გასაღები და საბუთები.
"კურიერმა" გაარკვია, რომ საბერძნეთის უშიშროების მიერ დაკავებული ქართველი, წარმოშობით კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდანაა. ახლობლები ადასტურებენ, რომ ქალი წლებია საბერძნეთში მუშაობს, თუმცა დანაშაულებრივ ქსელთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.
გამოძიება ახლა დანაშაულის სხვა ფიგურანტების გამოვლენაზე მუშაობს. პრესა წერს, რომ დიდი ალბათობით, ბრალდებულთა წრე გაიზრდება, ისევე როგორც დაზარალებულთა რაოდენობა.