დარია დუგინას მკვლელობიდან 8 დღის შემდეგაც უცნობია ვინ მოკლა ნაციონალისტი იდეოლოგიის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი. მართალია რუსულმა "ეფ-ეს-ბემ" საქმე გახსნა, თუმცა უშიშროების სამსახურის დასკვნამ კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. რუსეთის სპეცსამსახურს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდა, რომ მკვლელობის შემკვეთად უკრაინა, შემსრულებლად კი უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი დაესახელებინა.
"ეფ-ეს-ბემ" დუგინას მკვლელობის საქმე უჩვეულოდ მოკლე დროში გახსნა. მალევე გამოაქვეყნეს ბრალდებული ვოვკის ფოტოსურათები და რუსეთის ტერიტორიაზე მისი გადაადგილების ვიდეოკადრები. თქვეს ისიც, რომ ქალი მოსკოვში, ივნისში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად ჩავიდა და ბინა სპეციალურად იმ კორპუსში იქირავა, რომელშიც დარია დუგინა ცხოვრობდა. მეტი დამაჯერებლობისთვის განაცხადეს, რომ ვოვკი "აზოვის" პოლკში ირიცხებოდა, ამის მტკიცებულებად კი მხოლოდ ერთი დოკუმენტი გავრცელდა - ისიც რუსი ჰაკერების ხელით!
იმის დასამტკიცებლად, რომ მსგავსი საბუთის გაკეთება ფოტოშოპის დახმარებით ძალიან მარტივად შეიძლება, ინტერნეტში მალევე გავრცელდა ანალოგიური დოკუმენტის სხვადასხვა ვერსია - კრემლის პროპაგანდისტების და ოფიციალური პირების ფოტოსურათებით. მათ შორისაა "რაშათუდეის" მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ოლგა სკაბიევა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა.
ვოვკის საქმეში მხოლოდ ეს შეუსაბამობა არ იკვეთება, კითხვებს აჩენს მინი კუპერის მარკის ავტომანქანაც, რომლითაც უკრაინის მოქალაქე რუსეთის ტერიტორიაზე შევიდა, "ეფ-ეს-ბეს" მტკიცებით, ქალმა სანომრე ნიშანი სამჯერ შეცვალა, ესტონეთში გადასვლის შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. მიაგნეს განცხადებასაც, თუმცა გამორჩათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, განცხადება კიევიდან არის ატვირთული და 18-21 აგვიტოთი თარიღდება, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დუგინაზე თავდასხმამდე ორი დღით ადრე მანქანის ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ კიევი იყო.
დარია დუგინას მანქანა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში ააფეთქეს. თავდასხმიდან რამდენიმე საათში მკვლელობაზე პასუხისმგებლობა, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლმა "ნაციონალურმა რესპუბლიკურმა არმიამ" აიღო, თუმცა ეფ-ეს-ბემ მომხდარში უკრაინის კვალი მაინც დაინახა, ოფიციალურმა კიევმა კი თავდასხმასთან კავშირი უარყო. ულტრანაციონალისტი, დუგინის ქალიშვილი სამშაბათს დაკრძალეს, სიკვდილის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ის მამაცობის ორდენით დააჯილდოვა.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე