ამორტიზებული შენობა, ჩამონგრეული აივანი და მსხვერპლი, რომელზეც პასუხისმგებლობის აღებას ყველა ერიდება. ჩიქობავას ქუჩის 5 ნომერში 4 სართულიანი ავარიული შენობა ჯერ კიდევ შარშან უნდა გაემაგრებინათ, თუმცა როგორც ადგილობრივები მცხოვრებლები "კურიერს" უყვებიან, თანადაფინანსების შეთანხმებას ხელი უშუალოდ იმ ბინის მეპატრონემ არ მოაწერა, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა.
ამავდროულად ჩუღურეთის გამგეობაში ამბობენ, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს და მისი რეაბილიტაცია მხოლოდ მათი კომპეტენციის საკითხი არ არის. როგორც ირკვევა, ნგრევის საფრთხეზე, სიცოცხლეში თავად საუბრობდა 74 წლის ქალი, რომელიც ნაქირავები ბინის აივანზე სარეცხს ფენდა და ტრაგიკულად დაიღუპა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ოთხსართულიანი შენობა, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს, ამორტიზებულია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. მათი თქმით, სახლის მეპატრონე, რომელსაც ბინა გაქირავებული ჰქონდა, საცხოვრებლის ავარიულობასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, თუმცა შესაბამისი ზომები არ მიუღია.
ადგილობრივ მცხოვრებლებს მალევე უპასუხეს დედაქალაქის მთავრობაში. ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის განცხადებით, ამ პრობლემით წელს მუნიციპალიტეტისთვის არავის მიუმართავს.
მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.