რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჩიქობავას 5 ნომერში - სანამ გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას განაგრძობს, ადგილობრივები საკუთარ ვერსიაზე საუბრობენ. მათი თქმით, იტალიურ ეზოში საცხოვრებელი სახლი ამორტიზირებულია და ნგრევაც სწორედ ამან გამოიწვია. ჩიქობავას 5 ნომერში მცხოვრებლები გამგეობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
ბინის მეპატრონის განცხადებით, ოჯახი, ვისაც მისგან ბინა ჰქონდა ნაქირავები, ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შენობა იყო ავარიული.
ადგილობრივები უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ ქალაქის მერიასაც. ამ საკითხს გამოეხმაურა ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე. ავთანდილ ნარიმანიძე ამბობს, რომ არცერთი განცხადება კორპუსის გამაგრების მოთხოვნასთან დაკავშირებით წელს გამგეობაში არ შესულა.
"წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მხრიდან გამგეობაში განაცხადი შემოტანილი არ ყოფილა, შარშან იყო განაცხადი შემოტანილი და ამ განაცხადის საფუძველზე გამგეობამ დაუფინანსა კანალიზაციის სისტემის მოწყობა. იმ მხრიდან, საიდანაც ეს აივანი გადმოინგრა, 4 სართულიანია შენობა და კანონი გამგეობას პირდაპირ უკრძალავს 4 სართულიანი შენობების გამაგრებაში მონაწილეობის მიღებას. ეს შენობა არის ძეგლი და გამაგრება ასეთი კორპუსის მოითხოვს შესაბამისი ძეგლთა დაცვითი სამსახურების მონაწილეობას," - აცხადებს ნარიმანიძე.