საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას აჯამებს.
როგორც თემურ მღებრიშვილმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, სალიკვიდაციო სამუშაოები ფაქტობრივად უკვე დასკვნით ფაზაზე გადადის:
"ინტენსიურად მიმდინარეობს და გრძელდება როგორც სალიკვიდაციო, ასევე სალოკალიზაციო სამუშაოები.
დღეს მოხერხდა იმ ლოკაციებზე მისვლა, სადაც აქამდე ვერ შეგვეძლო მიახლოება. ფაქტობრივად, უკვე სალიკვიდაციო სამუშაოების დასკვნით ფაზაზე გადავდივართ. ხვალ დილიდან კი უფრო გვექნება შედეგი.
ხანძრის ქრობის პროცესში საერთო ჯამში ჩართულია 1200-ზე მეტი ადამიანი. ასევე ჩართულია პროცესში 4 ვერტმფრენი და 3 თვითმფრინავი. ქარი მნიშვნელოვნად გვიშლის ხელს, თუმცა რაც შეეხება მოსახლეობას, დასახლებულ პუნქტებში ახლომდებარე მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ასევე გაიჟღერა კითხვებმა სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოებაზე, აქაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რისკები სრულად არის მოხსნილი,"- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.