სტიქიასთან ბრძოლა გრძელდება - ბორჯომის ხეობაში მერვე დღეა ცოცხალი ძალა და ავიაცია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. შედეგად მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, თუმცა ამ დრომდე აქტიურ კერებზე მუშაობა მიმდინარეობს.
ერთ-ერთ სახიფათო ზონად ქვაბისხევის ფერდობი რჩება, სადაც ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ადგილზე პრევენციულ სამუშაოებს განაგრძობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახლა ხანძრის გავრცელების საფრთხე ნაკლებია, მთავარ პრობლემას მხოლოდ ის ადგილები წარმოადგენს, სადაც რთული რელიეფია, შესაბამისად ასეთ ადგილებში ცოცხალი ძალის მისვლა შეუძლებელია.