27 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის მომუშავე ჯგუფმა დღეს მუშაობა დაასრულა - რაზე შეთანხმდნენ მხარეები

ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას ითვალისწინებს, შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა მუშაობა დაასრულა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაიზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულება, მათ შორის მინისტრების პარლამენტში მისვლის სიხშირე. პარლამენტის წევრის შეკითხვა, ინტერპელაცია, პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, მინისტრის საათი - არასრული ჩამონათვალია იმ მექანიზმების, რაზეც დღეს სამუშაო ჯგუფში იმსჯელეს.

სასესიო პერიოდში ყოველ თვეში იქნება შესაძლებელი ინტერპელაციის წესით პრემიერისა და მთავრობის წევრების პარლამენტში დაბარება, კითხვების დასმა და დებატების გამართვა. რეგლამენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მისაღებია ოპოზიციის იმ ნაწილისთვის, რომლებიც დღეს სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ. თუმცა ამბობენ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხი, რაზეც საჭიროა მუშაობა, შეთანხმება კი მისაღწევი.

სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" თავმჯდომარეც. ეკატერინე ციმაკურიძე აცხადებს, რომ ახლა მნიშვნელოვანი იქნება საკონტროლო მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენება.

შეხვედრაზე საუბარი იყო თემატური მოკვლევისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლზე. მიღწეული კონსენსუსის მიხედვით, თემატური მოკვლევის დაწყება შესაძლებელი იქნება არა სიითი უმრავლესობის, არამედ ჩვეულებრივი უმრავლესობის შემთხვევაშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სამუშაო პროცესი საბოლოო ჯამში ნაყოფიერი და ეფექტური იქნება.

ევროკავშირის დავალებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში უმრვალესობა, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილთან ერთად ყოველ დღიურ რეჟიმში, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

დღის ამბები