ბუნებრივი აირის პოლიტიკური ფასი ევროპაში სულ უფრო მეტად იზრდება. გერმანიის მთავრობამ ზამთრის სეზონისთვის ენერგორესურსების დაზოგვის ზომები უკვე დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიხედვით, მთავრობა გაზის მოხმარებას 2 პროცენტით ამცირებს.
ოფიციალური ბერლინი აპირებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე უარი საბოლოოდ თქვას. ვლადიმერ პუტინმა გერმანიას გაზის მიწოდება "ჩრდილოეთის ნაკადი ერთის" მილსადენით 20 პროცენტით უკვე შეუმცირა.
გერმანიამ ქამრების შემოჭერის პოლიტიკა ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში აამოქმედა. საჯარო სივრცეებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე შეამცირა. დადგენილი რეგულაციების მიხედვით, ფოიეებსა და შესასვლელ სივრცეებში გათბობა სრულად გაითიშება. ასევე, მაღაზიები ღამის განმავლობაში გარე განათებას გამორთავენ. აიკრძალება საცურაო აუზების გათბობა. მიმდინარე კვირას გერმანიის კანცლერმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ქვეყანა ბუნებრივ აირს კანადიდან შეიძენს.
გაზის ფასები ევროპაში რეკორდულად გაიზარდა, ბუნებრივი აირი 8 პროცენტით უკვე გაძვირდა. ნიდერლანდების სამეფოს ქალაქი ჰააგა ითხოვს, რომ ევროკავშირის სანქციებიდან გამონაკლისი დაუშვან და ქალაქს 2023 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი აირის "გაზპრომისგან" შეძენის უფლება მისცენ. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, წევრი ქვეყნების მთავრობებსა და საჯარო სამსახურებს ავალდებულებს, რუსულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტები 10 ოქტომბრამდე გააუქმონ. "როიტერის" ინფორმაციით, ახლა ჰააგის მუნიციპალიტეტს ბუნებრივი აირის ახალი მიმწოდებლის პოვნა უწევს.
ახალმა ენერგოპოლიტიკამ ნორვეგია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაში ლიდერად აქცია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანამ რუსეთს გადაუსწრო. ნორვეგიის ენერგეტიკის მინისტრი ტიერე ასლანდი ამბობს, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის წარმოების არსებულ მაღალ დონეზე შენარჩუნებას გეგმავს.
ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 2 800 დოლარს უკვე გადააჭარბა. ასეთი მაჩვენებელი 2022 წლის მარტის თვის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სავალუტო სანქციების გამო, კრემლმა ევროპელებს გაზის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდა მოსთხოვა.