საქართველოს თავდაცვის ძალები ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკვე მეხუთე დღეა უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. სტიქიის ზონაში ქართველი სამხედროების პასუხიმგებლობის სექტორი სოფელი დვირის მიმართულებაა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეები წარმატებით ართმევენ თავს დასახულ ამოცანებს პასუხისმგებლობის რაიონში.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ასევე, სპეციალური ლოჯისტიკური საშუალებები - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა MTLB, წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას.