27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა - 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულების გზებზე პარლამენტში იმსჯელეს

როგორ უნდა გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა - ევროპის 12 პუნქტიდან ერთ ერთის შესრულების გზებზე პარლამენტში კიდევ ერთხელ იმსჯელეს. სხდომას ოპოზიციის და მესამე სექტორის ნაწილიც ესწრებოდა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დროს, მხარეებმა გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღეს. შეთანხმება მიღწეულია, იზრდება ინტერპელაციის სიხშირე, რაც ნიშნავს იმას, რომ მინისტრებს უფრო ხშირად მოუწევთ დეპუტატების კითხვებს პასუხები გასცენ. ასევე, მინისტრები ვალდებულები იქნებიან დეპუტატების მხრიდან გაგზავნილ კითხვებს სრულყოფილად და ამომწურავად უპასუხონ. 

ჯგუფში ჩართულ ოპოზიციას საკუთარი რეკომენდაციები ჰქონდა.   

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს" თავმჯდომარე, ეკატერინე ციმაკურიძე ინტერპელაციის წესით მინისტრების პარლამენტში მისვლის გახშირების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"მინისტრები და თანამდებობის პირები ძალიან იშვიათად მოდიან პარლამენტში, იშვიათად აბარებენ ანგარიშს და ფაქტობრივად არ პასუხობენ პარლამენტის წევრების კითხვებს. ეს ფორმატები არ არის გამოყენებული, სადაც თანამდებობის პირები მოვლენ პარლამენტში. ამ კუთხით, ინტერპელაციის მექანიზმი უნდა გახშირდეს წესით, ამ შეთანხმებას, დიდი ალბათობით, ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივაღწევთ," - აცხადებს ეკატერინე ციმაკურიძე.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მინისტრებმა დეპუტატების კითხვებს სრულყოფილი და ამომწურავი პასუხები უნდა გასცენ.

"ჩვენ ვხედავთ, როდესაც მინისტრი მოდის პარლამენტში, სამწუხაროდ, დარბაზია რის როგორც წესი, ცარიელი ხოლმე, გამონაკლისების გარდა, მინისტრს გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინტერესი იმ კითხვების მოსმენის მიმართ, რასაც დეპუტატები სვამენ, დიდი არ არის. არ არის იმიტომ, რომ შესაძლებლობა აქვს მინისტრს, რომ კითხვები დააჯგუფოს, კითხვებს თავი აარიდოს და ა.შ. მე მინდა, რომ ეს პროცესი შევცვალოთ იმდაგვარად, რომ ასეთი შესაძლებლობები მინისტრს არ ჰქონდეს და როცა მოვა პარლამენტში, ყველა კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები