ომის დაწყებიდან 183-ე დღე დნეპროპეტროვსკის ოლქში გლოვით გათენდა. რუსეთმა ჩაპლინოს დასახლებული სექტორი და რკინიგზის სადგური უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაბომბა. გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს 25-მდე გაიზარდა. მათ შორის ორი ბავშვია. 6 წლის მცირეწლოვანის ცხედარი ავტომობილში აღმოაჩინეს, რომელიც რკინიგზის სადგურის დაბომბვისას დაიწვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ისევ დაბომბეს. შედეგად ქალაქი ენერგოდარი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა. თავად სადგურს რუსები მარტიდან აკონტროლებენ. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებმა ვიდეომიმართვის ჩაწერა და გავრცელება ამ პერიოდის განმავლობაში პირველად მოახერხეს.
უკრაინაში შეჭრიდან 183-ე დღეს, რუსეთმა სუმის ოლქი 32-ჯერ დაბომბა. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქის ვიშგოროდსკის რაიონში. არაერთი სარაკეტო იერიში განხორციელდა ქალაქ ხარკოვსა და ოლქის რამდენიმე დასახლებაზე. შედეგად, დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. ხმელინცკის ოლქში ორი სარაკეტო თავდასხმა მოხდა - არიან დაშავებულები, მათ შორის 2 ბავშვი. რუსეთმა კასეტური ტიპის რაკეტებით დაბომბა ქალაქი კრივოიროგი, მიკოლაევში კი, რომელზე თავდასხმაც "ეს-300" ტიპის სარაკეტო სისტემებიდან მოხდა, 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
უკრაინულმა მედიამ ქვეყნის ოკუპირებული კიდევ ერთი ქალაქიდან ვიდეომასალის გავრცელება მოახერხა. დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლები ავტომატებით დაცხრილეს. ქალაქ მარგანცში მყოფი ადგილობრივები თავშესაფრების დატოვებას ვერ ახერხებენ.
საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სლავიანსკის საცხოვრებელი კორპუსიც, არიან დაშავებულები.
ურთულესია ვითარება დონბასში, საიდანაც უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობენ. მოსახლეობა მათ თავშესაფრებში ელოდება.
ეს ოკუპირებული მარიუპოლია, სადაც მოქალაქეების ნაწილმა უკრაინის სახელმწიფო დროშა გუშინ ღამით ქალაქის ცენტრში აღმართა. დილა იქ ხანძრით გათენდა. ცეცხლი სკოლაში გაჩნდა და საცხოვრებელ კორპუსებზე გავრცელდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტები ცეცხლის ჩაქრობას არ ჩქარობენ.
უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას განაგრძობენ. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მათ კახოვკას ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსი სამხედროები სარგებლობდნენ. ასევე, ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ოკუპანტების საბრძოლო მასალების საცავები გაანადგურეს. იბრძვიან პარტიზანებიც, რომლებმაც მელიტოპოლში ააფეთქეს შტაბი, სადაც ე.წ. რეფერენდუმისთვის ემზადებოდნენ.