27 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს

ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. იგივე აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ მათ, ვინც დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო აიყვანეს - სულ 12 პირია ბრალდებული. სასამართლოში არსებითი განხილვა იმართება. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების პოზიცია უფრო დეტალურად მათმა ადვოკატებმა განმარტეს, ისარგებლეს შესავალი სიტყვით და თქვეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა პოლიციას დანაშაულის შესახებ ერთადერთი მიზეზის გამო ვერ შეატყობინეს - ადგილზე შესაფერისი ვითარება არ იყო და იყო ქაოსი.

ექვსივე დაკავებულის ადვოკატი შესავალ სიტყვებში ბრალეულობის დამადასტურებელ, არასაკმარის მტკიცებულებებზე ამახვილებენ ყურადღებას. ერთი-ერთი დაკავებულის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობითაც მიმართა და 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის, ლომინ გელაძის გათავისუფლება მოითხოვა. ხათუნა ხარჩილავამ, ბრალდების მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ყველა დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატების საპირისპირო არგუმენტები აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში როგორც მოწმეების ჩვენებები, ასევე ვიდეო კადრებიც დევს, სადაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სწორედ ბრალდებულები ჩანან, საუბარია ინციდენტში მონაწილე 20- მდე პირზე.

გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ვიდეო მასალა, "კურიერმა" სისხლიანი გარჩევის დღეს ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრებში ავტომობილების გადაადგილება და ლაგუნა ვერესთან მდებარე შენობაში მამაკაცების შესვლა ჩანს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება მხარეებს შორის მისვლიდან მალევე დაიწყო, ამას შემთხვევის ადგილის სწრაფად დატოვების ფაქტიც ადასტურებს.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე ადგილზე პოლიცია მიდის. რამდენიმე ეკიპაჟი უკვე იმ დერეფანში შედის, სადაც 20-მდე პირი ერთმანეთში ცეცხლსასროლი იარაღებით გაუსწორდნენ. 

ლაგუნა ვერესთან მდებარე შენობაში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაიჭრა. ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია, თუცა გავრცელებული ვერსიით, დაპირისპირების თემა წილების გადანაწილება იყო. ამ ეტაპზე გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებით მიმდინარეობს.

 

 

 

დღის ამბები