ცეცხლის ლიკვიდირებული და ახალი კერები - ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, ჯარისკაცები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ხანძარს მეექვსე დღეა ებრძვიან.
ცეცხლის ქრობის პროცესში, მეზობელი თურქეთიდან სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი გუშინ ჩაერთო. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების საფრთხე დასახლებულ პუნქტებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე მოხსნილია.
ახალი კერები ხეობაში დღესაც გაჩნდა, თუმცა მუნიციპალიტეტის სოფლებამდე ხანძრის გაშლის საშიშროება არც ამჯერად არსებობს.
ცეცხლის ლიკვიდირება გაძლიერებული ძალებით გრძელდება. სამაშველო პროცესს მაღალი ტემპერატურა, რთული რელიეფი და ქარი ართულებს. გვიან ღამემდე არსებულ სიტუაციას ადგილზე ეცნობოდა შინაგან საქმეთა მინისტრი.
ხანძრის არეალი გუშინდელის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოებიც. სამუშაოებში დღეს ტერიტორიული რეზერვის ასეულიც ჩაერთო.
ხანძრისგან გამოწვეულ ზარალზე სახელმწიფო უწყებებში ჯერ ვერ საუბრობენ. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ღონისძიებებს გაატარებს ხელისუფლება გარემოს აღსადგენად.
ბორჯომის მთებში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. სამაშველო ოპერაციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და იმ რისკებს ახსენებს, რომლებიც შესაძლოა ადამიანების დაუდევრობას მოჰყვეს.
ავტორი: სანდრო სანაია