რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ენერგოსისტემასთან კომუნიკაციის საჰაერო ხაზის გათიშვამ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში ცვლილებები, კერძოდ კი ელექტროენერგიის ქსელიდან მისი სრული გათიშვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი "ენერგოატომი" იტყობინება:
"დღეს 2022 წლის 25 აგვისტოს, ზაპოროჟიეს თბოსადგურის ნაცრის ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მახლობლად მდებარეობს, ორჯერ გაითიშა ბოლო (მეოთხე) საკომუნიკაციო ხაზი უკრაინის ენერგოსისტემასთან. დანარჩენი სამი საკომუნიკაციო ხაზი ადრე იყო დაზიანებული რუსული დაბომბვების გამო. შედეგად, სადგურის ორი მოქმედი ენერგობლოკი გაითიშა ქსელიდან. ამრიგად, დამპყრობლების ქმედებებმა გამოიწვია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული გათიშვა ენერგოსისტემიდან - ეს ატომური სადგურის ისტორიაში პირველად მოხდა," - ნათქვამია ენერგოატომის განცხადებაში.
მანამდე უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები, ტოქსიკური ნივთიერების და რადიაციის გავრცელების მიზნით, ზაპორიჟიეს თბოსადგურის ნაგავსაყრელს მიზანმიმართულად ბომბავდნენ.