27 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო - ერთობლივი განცხადება დღეს გამოქვეყნდა

გაეროს 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, უკრაინაში რუსეთის აგრესია დაგმო. ერთობლივი განცხადება დღეს გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა შეწყვიტოს "საერთაშორისო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების სრული უგულებელყოფა" და დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან.

განცხადების ხელმომწერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გაეროში უკრაინის ელჩმა სერგი კისილიცამ წაიკითხა.

"მსურს წაგიკითხოთ ერთობლივი განცხადება, რომელსაც უერთდება ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, დანია, კანადა, საქართველო გერმანია და სხვა ქვეყნები.

მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს, რამაც, სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში, გამოიწვია ზიანი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის გადაადგილება და სიკვდილი. ჩვენ ვრჩებით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რომელიც ვრცელდება მის ტერიტორიულ წყლებზეც.

დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების, მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ყველა თავდასხმის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალებისა და სამხედრო ტექნიკის სრული, დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ,"- ნათქვამია ელჩის მიერ წაკითხულ ტექსტში.

უკრაინის მხარდასაჭერად კიევს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მაღალჩინოსნებიც სტუმრობენ. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო შეხვდა და უკრაინას თანადგომა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

"ირპინი მიწასთან არის გასწორებული. ჩვენ უნდა გავუწიოთ მათ ყველანაირი დახმარება დამპყრობლისგან თავის დასაცავად. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ უკრაინელები არამარტო იცავენ თავიანთ თავისუფლებას, ისინი იცავენ მთელი ევროპის თავისუფლებას. ჩვენ, ევროპელებმა უნდა ავირჩიოთ, რომელ მხარეს ვიქნებით. ჩვენ, როგორც იტალიის მთავრობამ, ავირჩიეთ ვიყოთ უკრაინელი ხალხის და სუვერენული სახელმწიფოს მხარეს, რათა დავიცვათ მისი სუვერენიტეტი და მთლიანობა. ამავდროულად ვუსამძიმრებთ მთავრობას და უკრაინელ ხალხს რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობაზე მრავალჯერ განხორციელებული თავდასხმის შედეგებს. სამწუხაროდ, 25 დაღუპულს შორის 11 წლის ბიჭიც არის," - განაცხადა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში ჩაპლინოს რკინიგზის სადგურის დაბომბვას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა  მომხდარს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ბარბაროსული გამოვლინება უწოდა და უკრაინას თანადგომა გამოუცხადა.

 

დღის ამბები