"ლაგუნა ვერესთან" მომხდარი მკვლელობის და დაჭრის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ. იგივე აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა მათ, ვინც დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს - სულ 12 პირია ბრალდებული. სასამართლოში არსებითი განხილვა იმართება. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეუტყობინებლობის ნაწილში, საქმის განხილვა ორ ნაწილად მიმდინარეობს. შეგახსენებთ სისხლიანი ანგარიშსწორება სამ აპრილს, "ლაგუნა ვერესთან" ერთ-ერთ შენობაში მოხდა. ცეცხლნასროლი ჭრილობებით 2 პირი გარდაიცვალა, 5 კი დაიჭრა. მაშინ კურიერმა მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსკლუზიურად მოიპვა კადრები, სადაც ჩანს მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტში მონაწილე პირების გადაადგილება .
ადვოკატ თამარ აბესაძის თქმით, ავტომანქანებთან დაკავშირებული შუამდგომლობა სასამართლომ არ გაიზიარა.
"დოკუმენტაცია მოვითხოვეთ და ავტომანქანები, რომლებზეც არანაირი აბსოლუტრად როლი არ მიუძღვის და არანაირ ქმედებაში მონაწილეობა არ აქვთ მიღებული აღნიშნული ავტომანქანებით ანუ ეს მანქანები დგას სამმართველოს ტერიტორიაზე და როდესაც დავაყენეთ აღნიშნული საკითხი, სასამართლომ მაინც ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა," - ამბობს აბესაძე.
ადვოკატ ზურაბ თოდუას თქმით, ბრალდების მოწმეებიის ჩვენებებიდან არ დასტურდება რომ ბრალდებულებიდან რომელიმეს შესაბამისი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი.
"ის 242 მოწმე, რომელიც ბრალდებას ჰყავს ჩამოწერილი თავის სიაში, არცერთი მოწმის ჩვენებით არ დასტურდებ, რომ ბრალი რომელიმე მათგანს ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ ეს არის პირდაპირ ზეწოლა მოწმეებზე, ბრალდებულებზე და სარგებლობს ბრალდება იმ გარემოებით, რომ სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად მისი დანამატია, რაღაცა ქვეგანყოფილებაა, სადაც ყველაფერი გასდით," - თქვა თოდუამ.
პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობს, რომ შემდეგი სხდომიდან ბრალდების მხარე მოწმეების წარმოდგენას დაიწყებს, ასევე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა.
"12-ვე ბრალდებულს ბრალდების მხარე ედავება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ეს არის 376-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. დღეს ჩატარდა არსებითი განხილვის პირველი სხდომა, შესაბამისად შემდეგი სხდომიდან ჩვენ დავიწყებთ მოწმეების წარმოდგენას, მტკიცებულებათა გამოკვლევას და შეაფასებს საბოლოოდ სასამართლო მათ მიერ ჩადენილ ქმედებას," - განაცხადა სამხარაძემ.