უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში უშიშროების საბჭოს სხდომაზე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რა გლობალური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაზიანებას. სერგი კისილიცას პოზიციას იზიარებს დასავლეთიც. სხდომაზე შეერთებული შტატებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ოფიციალური მოსკოვი რადიაციული გაჟონვის მუქარაში დაადანაშაულეს.
სხდომაზე განიხილეს ანტონიო გუტიერეშის რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა, რომლის მიხედვითაც გაერომ მოსკოვს მიმდებარე ტერიტორიებზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა შესთავაზა.
გაეროს რეკომენდაცია მოსკოვმა უარყო, მეტიც, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადურზე თავდასხმებს განაგრძობს. დასავლეთის ბრალდებების მიუხედავად, მოსკოვი ელექტროსადგურზე თავდასხმებში თავად კიევს ადანაშაულებს.
მეცნიერები თანხმდებიან, რომ რისკი - ზაპოროჟიე მეორე ჩერნობილი გახდეს, საკმაოდ მაღალია. ისინი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ ექსპერტებს ატომურელექტროსადურზე წვდომა მისცენ.
ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან რუსი სამხედროები აკონტროლებენ, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ. ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტად ზრდის.