27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
კელი დეგნანი "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ამერიკის ელჩსა და მმართველ პარტიას შორის "სამართლიანი არჩევნები" უთანხმოების ახალი მიზეზი ხდება

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ISFED​-ს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. კელი დეგნანს აზრით, ორგანიზაციის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები ფაქტებით არ არის გამყარებული. დიპლომატმა დღეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სამართლიანობის ნაწილშიც გააკრიტიკა. თუმცა შეკითხვაზე - როდის შეიტყო საელჩომ პივიტის ხარვეზებთან დაკავშირებით, ელჩმა კონკრეტული პასუხი არ ისურვა. დეგნანის თქმით, პარალელური დათვლის სტატისტიკური უზუსტობა უმნიშვნელო იყო.

პარტნიორი ქვეყნის ელჩის კომენტარი მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საპარლამენტო არჩევნების ეუთო-ოდირისეული პოზიტიური დასკვნაც შეახსენა და ISFED​-ის ქმედებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა. "ქართული ოცნების" ლიდერის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგები მოდელირებული პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად გააყალბა.

ბრალდებებს უსაფუძვლო ISFED​-ში დღეს კიდევ ერთხელ უწოდეს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ISFED​-ის​ საანდოობის მტკიცებულებად ელჩ დეგნანის პოზიციას მიიჩნევს.

"სამართლიანი არჩევნების" სამუშაო ჯგუფებიდან ამოღებას პროცესის შეფერხების გააზრებულ მცდელობად აღიქვამს ოპოზიციის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები თავად ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ ჯგუფებში არ მონაწილეობენ, ფიქრობენ, რომ ISFED​-ის​ ჩახსნით "ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.

ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოს, ISFED​-ის​ პოზიციას კი არასწორს უწოდებენ სახელისუფლებო გუნდში. დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელებმა ორგანიზაციას თაღლითურიც კი უწოდეს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ISFED​-ს​ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მიზნები აქვს, რომელსაც სიტუაციის რადიკალიზაციის წახალისებით ახორციელებს.

"სამართლიან არჩევნებს" სამუშაო ჯგუფებში ყოფნაზე უარი საპარლამენტო უმრავლესობამ ერთი კვირის წინ უთხრა. "ქართული ოცნება" ISFED​-ს, პროცესში დასაბრუნებლად, პივიტისთან დაკავშირებული შეცდომის საჯაროდ აღიარებას და პოლიტიკური მოთხოვნებისგან გამიჯვნას სთხოვს.

დღის ამბები