ხანძრის კერები მსოფლიოში - ანომალიური სიცხის გამო, პორტუგალიის ტყეებში გაჩენილი ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება. საშიშროების წინაშეა რამდენიმე სოფელი. ცეცხლის კერებია ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებშიც. სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრეა მობილიზებული. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლაც შეჩერდა.
პორტუგალიის მსგავსად, ძლიერ ხანძარს ებრძვის ესპანეთიც, სადაც მთავრობამ სტიქიური უბედურების მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დრომდე, 287 ათასი ჰექტარია დამწვარი. ზარალი სამჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. ესპანეთის მთავრობა დაზარალებულებს ეკონომიკურ დახმარებას ჰპირდება.
ანომალიურ სიცხესა და გვალვას ებრძვის საფრანგეთიც - ქვეყნის მასშტაბით მდინარეები დაშრა. მეცნიერები კლიმატის ცვლილების პრობლემაზე საუბრობენ.
ხანძარს ებრძვის საბერძნეთიც, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მეხანძრეები. ცეცხლის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია ვერტმფრენებიც.
ხანძარია რუსეთშიც. ცეცხლის კერები აქტიურად ვრცელდება რიაზანის რეგიონში. ორი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სტიქიას ებრძვის ჩინეთიც. ქალაქ ჩონჯშინგიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც არიან ჩართული. ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში უკვე რამდენიმე კვირაა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა და გვალვაა.