ფიზიკური ძალადობა, ინტიმური კადრების გავრცელების მუქარით სექსუალური კავშირის იძულება - ეს იმ ბრალდებების ნაწილია, რომელსაც მეგობარი ქალი დაკავებულ რუსთაველ ბიზნესმენს უყენებს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ხუროშვილი პარტნიორს სხვადასხვა ლოკაციაზე მუქარით იბარებდა და ორი თვის განმავლობაში ძალადობდა. ბრალდებულს რუსთავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე გაირკვა, რომ დაკავების შემდეგ, სავარაუდო მოძალადის გარემოცვა ქალს გამოძიებისთვის მიცემული მამხილებელი ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, სადაც ბრალდებულმა წარდგენილი ოთხივე მუხლი უარყო. დაკავებულმა ადვოკატს საქმის ირგვლივ საუბარი აუკრძალა.
ბრალდებული რუსთავის ერთ-ერთი საწარმოს მფლობელია, დაზარალებული ქალი კი მისი თანამშრომელია. სექსუალურ პარტნიორებს შორის კონფლიქტი მამაკაცის დაკავებით დასრულდა. მძიმე დანაშაულის შესახებ ბრალდებულის ახლობლებს საუბარი არ სურთ.
სავარაუდო მოძალადის წინააღმდეგ, პროკურატურა მტკიცებულებებს აგროვებს. მასალებში უკვე დევს ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, ქალაქის ცენტრში, როგორ უსწორდება ფიზიკურად ქალს გიორგი ხუროშვილი. გარდა ამისა, გამოძიება ბრალდებულის ტელეფონში წაშლილი ფაილების აღდგენაზე მუშაობს. ირკვევა, რომ ბრალდებული პარტნიორს ინტიმურ კადრებს უღებდა, მისი გავრცელების მუქარით კი სექსუალურ კავშირს აიძულებდა.
ფიზიკური ძალადობის, პასპორტის გატაცების, სექსუალური კავშირის იძულებისა და მუქარის ბრალდებებს შესაძლოა უფრო მძიმე მუხლებიც დაემატოს. ამ ეტაპზე წარდგენილი ბრალის მიხედვით, გიორგი ხუროშვილს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.