27 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"გვჯერა, ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, 21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის" -სალომე ზურაბიშვილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში მონაწილეობს. სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

სალომე ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს მიმართა, რუსეთის მიერ უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  დეოკუპაციისთვის ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება, რადგან, 21 -ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი დავიცვათ ის ღირებულებები ერთად, რაც გვაერთიანებს. ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღირებულებები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს.

ჩვენი მტკიცედ მხარს ვუჭერთ თქვენს დეოკუპაციის სტრატეგიას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ყირიმი უკრაინაა. უკრაინა იზეიმებს დამოუკიდებლობას.

უკვე 6 თვეა უკრაინა რუსული აგრესიისგან თავს იცავს. ყველამ ვიცით რომ რუსული აგრესია თებერვალში არ დაწყებულა. რუსეთის პასუხი მეტ აგრესიასა და მეტ არასტაბილურობაზე გადის. კრემლის აგრესია მშვიდობიან მეზობლებზე ცნობილია. საქართველოსთვის უკრაინის მაგალითი განახლებული ჭრილობაა. კრემლის აგრესია საქართველომ 1992 და 2008 წელს გამოსცადა. ორივეს- უკრაინის და საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ჩვენ ვიხდით ამის საფასურს.

უკრაინაში ომი, ყირიმის ოკუპაცია, თავდასხმა ოდესაზე ცხადია, რომ ძირს უთხრის შავი ზღვისა და გლობალურ უსაფრთხოებას. მსოფლიო საკვების კრიზისის პირისპირაა. მშვიდობა და უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ ყველა ერთ ნავში ვართ. ასეთ კრიტიკულ დროს უკრაინელი ხალხი ერთიანია ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვულოცავ უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოც მალე შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას. გვჯერა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება.  21-ე საუკუნეში ოკუპაციის ადგილი არ არის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები