27 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
2018 წლის მონაცემებთან შედარებით, ტურისტების ნაკადი რუსეთთან შემცირებულია-ლევან დავითაშვილი

ჩვენ გვჭირდება დავაბალანსოთ ეკონომიკური ზრდა ისე, რომ არ გვქონდეს ძალიან მაღალი ინფლაცია და ამავე დროს მოხდეს ინფლაციის ეტაპობრივად შემცირება და კონტროლში დაბრუნება. ვფიქრობ, რომ ეს ხორციელდება იმ ნაბიჯებით, რომელსაც ერთი მხრივ, დგამს მთავრობა და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილი განაცხადა.

მისი თქმით, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია,რომელიც დღეს საქართველოში ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

„პირველ რიგში, ეს არის გაზრდილი ექსპორტი და ინვესტიციები და აღდგენილი ტურიზმი. ეს იყო ის ორი ფაქტორი, რომელიც წლის დასაწყისში განაპირობებდა ეკონომიკური ზრდის შემდგომ მიმდინარეობას, რამდენად სასიკეთო იქნებოდა ტენდენცია, რამდენად გაგრძელდებოდა ტენდენცია, რაც გვქონდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, 2021 წელს ქვეყანას ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ახლა კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება და ეს არის 10%-ზე მაღალი. დავითაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება რთული გამოწვევა იყო.

„ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, რომელსაც მთავრობა ისახავდა მიზნად და იმ პირობებში, როგორიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დღეს გვაქვს რეგიონში, გაზრდილი ინფლაციური წნეხი, რომელიც რა თქმა უნდა, ართულებს მთავრობის გადაწყვეტილებებს, ჩვენ გვჭირდება დავაბალანსოთ ეკონომიკური ზრდა ისე, რომ არ გვქონდეს ძალიან მაღალი ინფლაცია და ამავე დროს მოხდეს ინფლაციის ეტაპობრივად შემცირება და კონტროლში დაბრუნება. ვფიქრობ, რომ ეს ხორციელდება იმ ნაბიჯებით, რომელსაც ერთი მხრივ, დგამს მთავრობა და მეორეს მხრივ, ეროვნული ბანკი. ვნახეთ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები, რაც საკმაოდ თანხვედრაშია. იცით, რომ 60%-ზე მეტით არის ექსპორტი გაზრდილი, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. პირველი-ორი კვარტლის მონაცემებით საკმაოდ მაღალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ტურიზმთან დაკავშირებითაც.

„საკმაოდ კარგად აღდგენილი ტურიზმი - აქაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, აღქმები რეალობასთან თანხვედრაში არ არის. კერძოდ, ის რომ ჩვენ ახალი ტურისტული ნაკადების მიღება შევძელით, სამწუხაროდ, სრულად ვერ მოვახდინეთ ტრადიციული ტურისტული ბაზრებიდან აღდგენა. ხშირად საუბარია ხოლმე რუსეთზე და თუ ნახავთ, 2018 წლის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ტურისტების ნაკადი რუსეთთან ასე, რომ აღქმები რეალობასთან კავშირში არ არის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, მთელი რიგი ახალი მიმართულებიდან ქვეყანამ მიიღო მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე ტურისტები და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობას აგრძელებს. მაგალითად, უფრო შორეული ქვეყნებიდან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე, დამატებით ჩარტერებზე და ა.შ.

„ასევე როგორც სპარსეთის ყურე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომელიც პრიორიტეტია ჩვენი ალტერნატიული ტურისტული ბაზრების ისე უფრო შორს, მაგალითად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და ა.შ. ასე, რომ ეს მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორებია,რომელიც დღეს ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

დღის ამბები