27 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ევროპა კვლავ მასშტაბური ხანძრის ეპიცენტრია - მიმდინარე წელს, 700 ათასი ჰექტარი ტყე უკვე განადგურდა

ევროპა კვლავ მასშტაბური ხანძრის ეპიცენტრია. ათობით ადამიანი დაშავდა ძლიერი ცეცხლის შედეგად ესპანეთში,  ათასობით ადამიანს კი საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუხდა. ხანძრების შედეგად წელს ქვეყანაში 283 ათასზე მეტი ჰექტარი განადგურდა, რაც 2021 წლის მონაცემებს სამჯერ აღემატება. პრემიერ-მინისტრი დაზარალებული ქალაქების კატასტროფის ზონად გამოცხადებას გეგმავს.

პორტუგალიამ კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობა მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ქვეყანაში გვალვისა და ქარის გამო ხანძრის გაჩენის რისკი მატულობს - საგანგებო მდგომარეობა ძალაში სამშაბათამდე დარჩება, მანამდე კი მოქალაქეებს ტყეში შესვლა და ცეცხლის დანთება ეკრძალებათ. პორტუგალიაში ხანძრების შედეგად წელს 92 ათასი ჰექტარის ტერიტორია დაიწვა.

ხანძარს ებრძვის საბერძნეთიც - დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის 3 მეხანძრე. დაშავებულთა უმეტესობას რესპირატორული გართულებები აღენიშნებათ, ასობით ადამიანი კი სახლის გარეშე დარჩა. ამ დროისთის ცეცხლის კერებს 500 მეხანძრე და 120 სახანძრო მანქანა ებრძვის. მათ დასახმარებლად 9 თვიმფრინავი და 10 ვერტმფრენია მობილიზებული.

ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა ალჟირის რამდენიმე პროვინციაც. ცეცხლის კერებმა 38 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ასობით ადამიანი კი სტიქიის ზონებიდან გაიქცა. ქვეყნის მასშტაბით 50 - ზე მეტი ცეცხლის კერა დაფიქსირდა. ამ დროისთვის ხანძრის დიდი ნაწილი ლოკალიზებულია. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

სტიქიას ებრძვის ჩინეთიც. ცეცხლის კერები ქალაქ ჩონჯშინგში გაჩნდა, სადაც 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლის კერებთან საბძღოლველად 5000 სამოქალაქო პირი და სამხედრო მოსამსახურეა მობილიზებული.

დღის ამბები