რივერსაიდ კალიფორნია, ქუინს ბოროუ, ბრუკლინი და მანჰეტენ სითი კოლეჯი - ეს იმ უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალია, რომლებშიც სწავლის უფლება 17 წლის ქუთაისელმა თათია შავგულიძემ მოიპოვა. აბიტურიენტმა თავისი აკადემიური მოსწრების დოკუმენტები 4 სასწავლებელში გააგზავნა და უნივერსიტეტებისგან თანხმობა მიიღო. თათიას არჩევანის გაკეთება გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი მომავალი მაინც მანჰეტენის უნივერსიტეტს დაუკავშირა.
დაუღალავი შრომა დაუფასდა, არაერთმა გათენებულმა ღამემ შედეგი გამოიღო და შესაბამისად, უკვე სექტემბრიდან, თათია შტატებში განაგრძობს სწავლას. მიღებული სამომავლო ცოდნითა და გამოცდილებით კი არა უცხოეთში დარჩენას, არამედ სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
სკოლა ახლახანს დაამთავრა. ჯერ 17 წლის არის, თუმცა უცხოეთში სწავლის გაგრძელება ცხოვრების მთავარ მიზნად დაისახა, მიზანს კი მალევე მიაღწია. ქუთაისიდან მანჰეტენის ქუჩაზე, დეკემბერში წავა.
თათია სწავლას Borough of Manhattan Community Collage/ CUNY-ში მეცნიერებების ფაკულტეტზე განაგრძობს, თუმცა სანამ არჩევანს ნიუ იორკის ამ სასწავლებელზე გააკეთებდა, სწავლის გაგრძელება კიდევ ოთხმა უმაღლესმა შესთავაზა. ერთი თვის განმავლობაში, 5 უნივერსიტეტიდან პასუხის მიღებას ვიდეოკამერით იღებდა, ემოციებს კი სოციალურ ქსელში აზიარებდა.
სანამ გამგზავრებას გადაწყვეტდა, მან მასწავლებელთან ერთად თავდაუზოგავი შრომა გასწია. სკოლაში კარგად სწავლობდა, დამატებით საგნებში არ ემზადებოდა. მხოლოდ ინგლისური ენის გაუმჯობესება უნდოდა და ამისთვის "ტოეფელის" კურსები გაიარა. ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში მოსახვედრად მას თავისი პედაგოგი დაეხმარა.
ეს ის უნივერსიტეტია, სადაც თათია რამდენიმე თვეში ისწავლის. სამედიცინო ფაკულტეტზე მეცნიერების განხრით ის განათლებას 2 წლის განმავლობაში მიიღებს, შემდეგ კი კონკრეტულ სფეროს ამავე უნივერსიტეტში აირჩევს. თათიას ქირურგიას ან ნეიროქირურგია სურს. ეს პროფესია კი მან ერთი მიზეზით აირჩია.
განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება. დაბრუნდება იმისთვის, რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.