3 დღეში, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა - უკვე 179-ე დღეა რუსეთმა დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანას ეს დღე ვერ წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი დილა აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის ფონზე თენდება, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე დიდ ქვეყანასთან ომში არ მარცხდება, არ თმობს დროებით წართმეულ ტერიტორიებს და პირიქით, მათი დაბრუნების გარეშე ომში გამარჯვება ვერც წარმოუდგენიათ. ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეები განსაკუთრებით სასტიკი იქნება, თუმცა ქვეყანას, რომელმაც ნახა განადგურებული ბუჩა, ირპინი, მარიუპოლი და კრამატორსკი, ვერაფერი გატეხს.
რუსული აგრესიის 179-ე დღე ხარკოვში ისევ აფეთქებების ფონზე გათენდა. დაიბომბა კვლავ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი კორპუსები. უკრაინული მხარე დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ოდესის ოლქიც, სადაც აგრესორებმა 5 რაკეტა ისროლეს, თუმცა უკრაინულმა მხარემ 2 მათგანის ჩამოგდება შეძლო. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციაში თქვეს, რომ რაკეტები საოკუპაციო ძალებმა შავი ზღვიდან გაისროლეს.
აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევშიც. ომის დაწყებიდან 179-ე დღეს დაიბომბა სუმის ოლქის 4 დასახლებაც. კრემლის სამიზნე ისევ გახდა ჩერნიგოვი.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში საზღვაო ფლოტის რაოდენობა 15 ერთეულამდე გაზარდა, გაზარდა შეტევათა რაოდენობაც. უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა იერიში არაერთხელ მიიტანეს ბახმუტზე.
პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ოფიციალური მოსკოვისგან მომავალ კვირაში განსაკუთრებულ სისასტიკეს ელოდება. ქვეყნის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინელებმა სამშობლოს დასაცავად ბრძოლა ისევ გააგრძელონ.
დილით აფეთქებების ხმა კიდევ ერთხელ გაისმა ანექსირებულ ყირიმშიც. რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქ ალუპკასთან, ზღვაში მოხდა. დეტალები უცნობია.