27 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
მსჯავრდებულის მიერ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობა ფსიქიატრიულ კლინიკაში - 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა  

28 წლის გურამ სვანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ახალგაზრდა მამაკაცმა ფსიქიატრიულ კლინიკაში სავარაუდოდ, თვიმთკვლელობა სცადა. კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმების შეფასებით, მომდევნო 3-5 დღე პაციენტისთვის კრიტიკული იქნება. ოჯახი კი ლოდინს არ აპირებს და შვილის გადაყვანას სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ითხოვს. 

გურამ სვანიძის ოჯახის წევრები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმ ვიდეო მასალას გაეცნენ, რომელიც ახალგაზრდა კაცის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანების ეპიზოდს ასახავს. ოჯახი სუიციდის მცდელობას აქამდე კატეგორიულად გამორიცხავდა.

გურამ სვანიძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დღეს დილით ფსიქიკური მედიცინის ცენტრში ბადრაგის სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა.

სვანიძე სამართალდამცველებმა 2 კვირის წინ დააკავეს. როგორც ოჯახი აცხადებს, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მიღებული მომსახურების გადაუხდელობის გამო. ბრალად ძარცვა წაუყენეს. ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ 28 წლის კაცი სამკურნალოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს. მეორე დღეს კი საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ.

შემთხვევა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დილის 8 საათისთვის მოხდა. გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობით გურამ სვანიძე კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

28 წლის ბრალდებულის საქმეს სწავლობს ომბუდსმენის აპარატი. მაგრამ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის ოფისში წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებენ. გამოძიება 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას ნიშნავს, რომელიც მძიმე შედეგით დასრულდა.

 

დღის ამბები